29 ნოემბერი, 2022

ლალა ბეგლარაშვილის წიგნის წარდგინება “ღიმილი ჩემი სამალავია”

27 მარტს, კულტურულ-საგანმანათლებლო სახლი “კენოზისის” (www.kenozisi.ge) ორგანიზებით, ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში მდებარე “ათონის წმ.მთის სახელობის სახალხო დარბაზში” (მისამართი:www.atonisdarbazi.ge) ახალგაზრდა პოეტის ლალა ბეგლარაშვილის წიგნის “ღიმილი ჩემი სამალავია” წარდგინება გაიმართა.

ეს პოეტის პირველი კრებულია, რომელიც მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ოჯახმა გამოსცა. წიგნში თავმოყრილია ახალგაზრდა პოეტი გოგონას ლექსები, ჩანახატები, ნოველები რომელიც პირველქმნილი, მისეული ხელწერით არის შეთავაზებული მკითხველისთვის. ის რაც აწერინებდა ადამიანების სიყვარული იყო. თვლიდა, რომ სიყვარულით გაჯერებული სათქმელი აუცილებლად მივიდოდა ადამიანის გულამდე. “მკითხველისთვის პეშვში სიყვარული მაქვს შეგროვილი, ხელისგუები მინდა გაშალონ, რომ გავუნაწილო… ჩემი სიყვარული ულევია, მზესთან მოლაპარაკება მაქვს და, ვიცი, არ დამიყადაღებს. სიკეთე გზაა გადარჩენისთვის, განა ერთის და ორის.. არა, ქვეყნის გადარჩენისთვის”.– წერს იგი თავის ინტერვიუში, რომელიც ახალგაზრდა პოეტის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ჩაიწერა.

საღამო შინაარსობრივად საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა, წიგნის წარდგინებასთან ერთად პოეტის მეგობრებმა და ახლობლებმა პოეტის სიცოცხლეში დაწყებულ კეთილ საქმეებზე ისაუბრეს.

ორგანიზაცია “მომავლის შანსი” რომელთა საქმიანობაშიც პოეტი საკუთარ სიცოცხლეში აქტიურად იყო ჩართული დააწესა ლალა ბეგლარაშვილის სახელობის სტიპენდია. დაფინანსდება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ორი სრულწლოვანი, რომელთა სწავლის საფასურს ორგანიზაცია ” მომავლის შანსი” უზრუნველყოფს. ღონისძიების ორგანიზატორები: ჟურნალისტი ირმა მირზაშვილი, სოციოლოგი რუსუდან ჭელიძე. საღამოს გაუძღვა ახალგაზრდა პოეტი გიორგი ბალახაშვილი. მუსიკალურად გააფორმა პოეტის ბავშვობის მეგობარმა მარიკო ებრალიძე.

გაზიარება

კომენტარის დატოვება