29 ნოემბერი, 2022

შეხვედრა მუსიკოს მაია ბარათაშვილთან (26 ნოემბერი, 2015)

2015 წლის 26 ნოემბერს, 19:00 -ზე, “ათონის წმინდა მთის სახელობის სახალხო დარბაზში” გაიმართა შეხვედრა მუსიკოს მაია ბარათაშვილთან. თემა:

“თანამედროვე მუსიკის ზნეობრივი ასპექტები”.

“როდესაც მაია ბარათაშვილი ბგერას იღებს სამყარო იკუმშება“ – ასე შეაფასა ბრიტანელმა კრიტიკოსმა ემი სფერლინგმა მუსიკოსის გამოსვლა სოლო კონცერტზე.

მაია ბარათაშვილი გახლავთ საერთაშორისო დონის ვოკალისტი რომელსაც 20 წლიანი საკონცერტო ბიოგრაფია გააჩნია. იგი კონცერტებს მართავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მუსიკოსის საგასტროლო გამოსვლების სია მოიცავს გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ლატვიისა და ლიტვის,სომხეთის, აზერბაიჯანის, ისრაელის, ნორვეგიის, თურქეთის, მონაკოს, რუმინეთისა და აშშ- ს საკონცერტო დარბაზებსა და მოედნებს.

მაია ბარათაშვილმა მუსიკალური განათლება მიიღო სპეციალურ მე- 16- ე მუსიკალურ კოლეჯში საფორტეპიანო მუსიკის კლასით სადაც 8 წლის განმავლობაში გამოდიოდა კონცერტებზე საქართველოს სიმფონიური და კამერული ორკესტრის თანხლებით. სიყრმის წლებში მას შესრულებული აქვს ბერკოვიჩის, ბახის, ბალანჩივაძის, მენდელსონის, რუბინშტეინისა და არენსკის საფორტეპიანო კონცერტები სიმფონიური და კამერული ორკესტრების თანხლებით. აქვე იგი პირველად დაეუფლა ვოკალურ ხელოვნებას სადაც მისი პირველი ნაწარმოები გახლდათ პერგოლეზის საგალობლების სრული ციკლი „სტაბატ მატერ“.

კოლეჯის დასრულების შემდეგ იგი განაგრძობს სწავლას თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის ფაკულტეტზე.1995 წელს მაია ბარათაშვილი მიწვეულ იქნა დავითის ჯაზ კლუბში სამუშაოდ საიდანაც იწყება მისი კარიერული ზრდა ჯაზური მუსიკის დაუფლების მიმართულებით. აქ იგი მუშაობს ცნობილ ქართველ მუსიკოსებთან ერთად (თამაზ ყურაშვილი, ზურა რამიშვილი, გიორგი რაქვიაშვილი, დინი ვირსალაძე) და იწყებს აქტიურ საგასტროლო საქმიანობას საერთაშორისო დონის მუსიკოსებთან ისეთებთან როგორებიც არიან – იგორ ბრილი , მიხეილ ოკუნი (რუსეთი), იორნ სკოგჰეიმი (ნორვეგია), პეტერ ლეჰელი (გერმანია), ჯგუფი შინ (გერმანია), რეი კაჩინსკი (აშშ), სილვან ბეფი (საფრანგეთი), ტონი ომელი (დიდი ბრიტანეთი) სალმან გამბაროვი (აზერბაიჯანი). იგი იყოფს სცენას ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც არიან ჯორჯ დიუკი (აშშ) და რეიჩელ ფერელი(აშშ), დენ ტეპფერი (აშშ) ზაზა მარჯანიშვილი (აშშ /საქართველო) მათი საქართველოში გასტროლების დროს.

1998 წელს მაია ბარათაშვილი ხდება თბილისის საკონცერტო ორკესტრის (თბილისის ბიგბენდის) სოლისტი, სადაც დღემდე მუშაობს. ორკესტრთან ერთად იგი ეწევა საგასტროლო საქმიანობას და იღებს მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებში. იგი აქტიურად არის ჩაბმული საგანმანათლებლო საქველმოქმედო აქციაში რომლის ფარგლებში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში იმართება უსასყიდლო კონცერტები. მაია ბარათაშვილი ასევე გახლავთ ავტორი და ორგანიზატორი პროექტისა თბილისის მკერდის კიბოს სქრინინგ ცენტრის მონაწილეობით Here’s to life ( „ვიზეიმოთ სიცოცხლე“) რომელიც ეძღვნება კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს და ემსახურება მათ უმტკივნეულო ინტეგრაციას საზოგადოებაში.

მაია ბარათაშვილს ხშირად იწვევენ როგორც ჟიურის წევრს, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი ამ მიმართულებით საქმიანობა მოიცავს შემდეგს:

2012 – სასომხეთი – კონკურსი „10+10“ სასომხეთისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლების პროექტი კონკურსი;
2012- აზერბაიჯანი – კონკურსი „10+10“ აზერბაიჯანისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლების პროექტი კონკურსი;
2011 – უკრაინა – კონკურსი „10+10“ უკრაინისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლების პროექტი კონკურსი;
2010 – მალტა, მალტის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ევროვიზიის შიდა შესარჩევი ტური;
2014 – ბავშვთა მუსიკალური სასწავლებლების დათვალიერება თბილისის მერიის დავალებით;

ჯილდოები
  • 1996- ფესტივალი „ხელები მაღლა“ თბილისი, საქართველო – დაჯილდოებულია პირველი პრიზით:
  • 1998- ფესტივალი მარგარიტა, თბილისი, საქართველო – წლის საუკეთესო ქალი მომღერალი
  • 2000- წლის სიმღერა – გამარჯვებული;
  • 2007 -მონტეკარლოს საერთაშორისო ჯაზის ორგანიზაციის ჯილდო – წლის საუკეთესო ვოკალისტი;
  • 2011- ფესტივალი „სიცოცხლე მშვენიერია“, რუმინეთი, საპატიო დიპლომი.
  • 2014 – ჯილდო „ქართული ბრენდი“ ნომინაციაში „ნდობა და რეპუტაცია პროფესიაში“
  • 2010 წელს მაია ბარათაშვილი ერთვება პროექტში „Georgia on your mind“ ანსამბლ შინთან ერთად. პროექტი წარდგენილია გერმანიაში, ნორვეგიაში,რუმინეთში, ლატვიაში, საქართველოში.
  • 2014 წელს მაია ბარათაშვილმა და ზაზა მარჯანიშვილმა განახორციელეს პროექტი „ პროექტი ძლიერი ბლუზური აქცენტით“, რომლის პრეზენტაცია შედგე ბათუმის ხელოვნების ცენტრში.

მაია ბარათაშვილმა გამოუშვა 5 ალბომი:

  • The First footer – 1996; Igor Brill and Maia Baratashvili (live in concert) – 1998;
  • Of love and more – 2005;
  • Maya, The Mansard Session- 2006;
  • Maia Baratashvili – Live at Conservatoire. ვიდეო პროდუქცია პროექტისა “Georgia on your mind” ჯგუფ შინთან ერთად.

მუსიკოსი შესანიშნავად უთავსებს ერთმანეთს ვოკალისტისა და წამყვანის საქმიანობას (ქართული, რუსული, ინგლისური);

2009 – 2011 წლებში იყო საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი საზოგადოებრივ მაუწყებელზე და საქართველოს დელეგაციის უფროსი ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე.

წყარო: პირადი საიტი: www.maia.ge

გაზიარება

კომენტარის დატოვება